Pages

Wednesday, February 15, 2012

იქ, სადაც ფეხბურთს თამაშობენ...

14 თებერვალს, ბევრისთვის ერთ ჩვეულებრივ დღეს, ჩემპიონთა ლიგის დაწყებამ დიდი ბრწყინვალება შესძინა. დიახ, დაიწყო ტურნირი, რომელიც მსოფლიოში პირველია თავისი პრესტიჟულობით საკლუბო საფეხბურთო ასპარეზებს შორის. პირველივე დღიდანვე საქმეში ვიხილეთ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი და თასის მოქმედი მფლობელი კატალონიის "ბარსელონა".

ერთი შეხედვით, მატჩი ბევრი არაფრით იყო გამორჩეული სხვა საჩეპიონთალიგო რუტინული დაპირისპირებებისგან, მაგრამ მაინც გავამახვილებ ყურადღებას რამდენიმე ფაქტორზე.
1) გვარდიოლა რომლის როლიც ასეთი თამაშების შემდეგ ხშირად შეუმჩნეველი რჩება. შეიძლება იმიტომ, რომ მას არ ხიბლავს ისეთი პოპულისტური ფრაზები, როგორებიცაა მაგალითად; "ფეხბურთელები იმარჯვებენ და მწვრთნელები მარცხდებიანო". მისტერს არასდროს უხმარია მსგავსი გამოთქმა საკუთარი შეცდომების გასამართლებლად. გუშინდელ მატჩში კი დაკვირვებული მაყურებელი აშკარად დაინახავდა მის წინდახედულობას. პირველ რიგში, აღნიშვნის ღირსია ის, რომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი მომზადებული დახვდა გერმანელთა ტაქტიკურ ჩანაფიქრებს. არამც და არამც არ წამოეგო გერმანელთა ერთი შეხედვით ყრუ დაცვას, რომელიც "ბარსას" პირველივე შეცდომისას ზამბარასავით იშლებოდა და ელვისებურ იერიშებს იწყებდა და ის 30 წუთიანი შტილი, რომელიც თამაშს სტარტზე იყო ჩამოვარდნილი და რომლის დროსაც თვალსასეირო ბევრი ვერაფერი ვნახეთ, სწორედ ლევერკუზენელთა "ამოწევის" მშვიდი მოლოდინი იყო და მეტი არაფერი. მათი ამოსვლა რომ დროის საქმე იყო და გარისკვად არ ღირდა ეს მატჩის დარჩენილმა დრომაც გვანახა. მეორე ფაქტორი – მატჩის წინ ყურადღება მახვილდებოდა გერმანელთა ფიზიკურ მხარესა და სიმაღლეზე, ყველა კარგად აცნობიერებდა, რომ საფრთხე სწორედ "მეორე სართულიდან" იყო მოსალოდნელი (ბოლოს და ბოლოს, გოლიც თავით გაიტანეს), როგორც ჩანს ეს ფაქტორიც ზედმიწევნით კარგად გაითვალისწინა გვარდიოლამ, რადგანაც მატჩის სტატისტიკაში გერმანელთა კუთხურების გრაფაში 0 ამ წუთამდე წერია. და ბოლოს, ეპიზოდი, რომელიც ზედმეტ კომენტარს არ საჭიროებს: როგორც მოგეხსენებათ, ბუსკეტსი ფეხშეხვეული თამაშობდა, ერთ–ერთ ეპიზოდში კი გერმანელ ფეხბურთელს მოედნის საფარს გარეთ შეეჯახა და ნატკენი მუხლით უხეშ ზედაპირზე დაეცა. მართლაც რომ რთულია კომენტარი გაუკეთო გვარდიოლას რეაქციას, რომელიც თავისი ფეხბურთელისკენ ისე გაექანა, როგორც მამა მივარდება ხოლმე წაქცეულ შვილს (გადაჭარბების გარეშე).
2) მსაჯი მე გვარდიოლა არ ვარ და არც პირობა დამიდია მსაჯებზე არ ვისაუბრებ მეთქი, ამიტომაც ერთი–ორ სიტყვას მათზეც მოგახსენებთ, მითუმეტეს რომ ბოლო დროს შეჩვეული უმსგავსობების შემდეგ, ეს თამაში ამ კუთხითაც რაღაცით გამორჩეული იყო. პირველ რიგში, აღვნიშნავ რომ ამ მსაჯის სახელი დამავიწყდა და თქვენის ნებართვით არც სტატისტიკას ჩავხედავ გასახსენებლად, რადგანაც ეს ფაქტი იმდენად იშვიათია წლევანდელ სეზონში, ერთგვარ სიამოვნებასაც კი მგვრის. არბიტრს თავიდანვე ეტყობოდა რომ კარგად ჰქონდა გაცნობიერებული სპორტის რომელი სახეობის სამსაჯოდ გამოდიოდა და მატჩის ისე გაილია არც ფეხბურთელებს გამოუთქვამთ განსაკუთრებული პროტესტი მისს მიმართ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მატჩის დასაწყისი, მე–7 წუთი, როდესაც არბიტრმა დანიელ შვაბს უჩვენა ყვითელი ბარათი აბიდალის წინააღმდეგ უხეშობისთვის. ეს იყო ეპიზოდი, როდესაც მატჩის საწყისი წუთებიდან გამომდინარე, შეეძლო სიტყვიერი გაფრთხილებითაც შემოფარგლულიყო, მაგრამ თავიდანვე ყველას აგრძნობინა, რომ არ სურდა შეურაცხყოფა მიეყენებინა იმ ხალხისთვის, რომელიც სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად დადის...
3) ლევერკუზენის ბაიერი გუნდი, რომელმაც ალბათ ყველა სასიამოვნოდ გაკვირვებული დატოვა იმ ადამიანთა გარდა, რომელთა მთავარი საზრუნავიც ისევ და ისევ "ბარსელონას" წარუმატებლობების ხილვაა, ასეთებს ეს გუნდი რა თქმა უნდა, არ მოეწონწბოდათ, მითუმეტეს, რომ მატჩი ისე გალიეს და იმდენად "არაპროფესიონალები" აღმოჩნდნენ, ვერცეთ კატალონიელ ფეხბურთელს ტრავმა ვერ მიაყენეს. არა თუ ვერ მიაყენეს, ამის მცდელობაც კი არ ჰქონიათ. სარკაზმი იქით იყოს და მართლაც აღსანიშნავია გერმანელთა ვაჟკაცური თამაში. თამაში, რომელიც ამტკიცებს თუ რატომაა ფეხბურთი ნამდვილი კაცების სპორტი. ეს ის გუნდია, რომელსაც არც ფიზიკური ძალა აქვს სხვაზე ნაკლები და არც გამარჯვების სურვილი, მაგრამ დამარცხებასაც ღირსეულად ხვდება, სწორედ ასეთი გუნდები იწვევენ სიმპატიებს ნეიტრალური მაყურებლის თვალში, თორემ მავანთა თავგადაკლულმა ფანატებმა შეიძლება ყველაფერს მოუძებნონ გამართლება საკუთარი გუნდის წარმატების სურილით დაბრმავებულებმა. მე მოვუწოდებ "ბარსას" გულშემატკივრებსაც, რომ ამ საკითხში ნამდვილად მივბაძოთ ამ გუნდს, ღირსება დამარცხების დროს გამოიცდება. ბრავო ლევერკუზენი!..


No comments:

Post a Comment