Pages

Wednesday, February 15, 2012

“ბარსელონამ” 1/4-ფინალში ადგილი დაჯავშნა

მართალია, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია და სპორტის ეს სახეობა სწორედ იმითია მიმზიდველი, რომ უტყუარი პროგნოზების გაკეთება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ალბათ მაინც არ იქნება გადაჭარბება თუ ვიტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, კატალონიის “ბარსელონა” 1/4-ფინალში ითამაშებს.

პეპ გვარდიოლას გუნდი “ლევერკუზეთან” ორრაუნდიან დაპირისპირებაში აქამდეც გამოკვეთილი ფავორიტი იყო და პირველი თამაშის შემდეგ, გერმანელთა შანსები ნულს თუ არ გაუტოლდა, მას ძალიან მიუახლოვდა.
ლევერკუზენში გამართული თამაშის პირველი ტაიმი ძალიან უინტერესო გამოდგა. 45 წუთში სულ ერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა და ისიც გოლის გატანით დასრულდა. ტაიმის მიწურულს, პირველად მოხდა, რომ მასპინძლებმა შეტევაში დიდი ძალებით წასვლა გადაწყვიტეს და ისინი ამისთვის დაისაჯნენ – მოედნის ცენტრიდან მესიმ სანჩესს კარგი გადაცემა გაუკეთა, ხოლო ჩილელმა მეკარესთან პირისპირ გასვლით ისარგებლა და ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-2 ნახევარი “ლევერკუზენის” აქტიურობით დაიწყო და მასპინძლებმა გათანაბრება მალევე მოახერხეს. მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, ჩორლუკამ კარგად ითამაშა და ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მე-2 სართულზე ბრძოლა კადლეცმა ალვეშსა და სანჩესს მოუგო, რასაც საგოლე დარტყმა მოჰყვა. მასპინძელთა სიხარულმა მცირე ხანს გასტანა. 55-ე წუთზე, სანჩესი მეკარესთან პირისპირ უკვე ფაბრეგასის კარგი გადაცემის შემდეგ გავიდა, რის შემდეგაც, ჩილელმა ლენო მოატყუა და დუბლი გაიფორმა. შეხვედრას წერტილი 88-ე წუთზე დაესვა, ლენოსთან მარტოდმარტო უკვე ალვეში დარჩა, მაგრამ ბრაზილიელმა დარტყმას უკეთეს მდგომარეობაში მყოფი მესისთვის გადაცემის გაკეთება ამჯობინა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა მიმდინარე გათამაშებაში თავისი მე-7 გოლი გაიტანა. მესის თავის გამოჩენა მანამდეც შეეძლო, მაგრამ მისი ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ, მასპინძელთა კარი ძელმა იხსნა.
მოსალოდნელზე მეტად გაუჭირდა “ლიონს”, რომელმაც ტურნირის აღმოჩენა აპოელს მხოლოდ მინიმალური სხვაობით სძლია. მიუხედავად ძალიან დიდი უპირატესობისა, ფრანგებმა წყვილის აუტსაიდერად შერაცხულ მეტოქეს ერთი გოლი აკმარეს. ეს გოლი 58-ე წუთზე გავიდა, როდესაც ლაკასეტე მეტოქის საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და ბურთი მეკარისგან შორეულ ზედა კუთხეში გაგზავნა.

ლევერკუზენი-ბარსელონა 1:3 (0:1)
ლევერკუზენი, “ბაიარენა” 30210
ლევერკუზენი (4-2-3-1):
 ლენო, ჩორლუკა (და კოშტა 90), შვააბი, ფრიდრიხი, კადლეცი, რაინარტცი, როლფესი (კისლინგი 77), ბენდერი, კასტრო, შიურლე (ბელარაბი 90), აუგუსტო.
მწვრთნელი: რობინ დუტი.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, მასკერანო, პუიოლი, აბიდალი, ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ინიესტა (ტიაგო 60), სანჩესი (კუენკა 85), მესი, ადრიანო (პედრო 69).
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გოლები: 0:1 სანჩესი (41), 1:1 კადლეცი (52), 1:2 სანჩესი (55), 1:3 მესი (88).
გაფრთხილებები: შვააბი 8, ჩორლუკა 53, კასრო 80 – ტიაგო 87.
მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია).
ბურთის ფლობა: 22%-78%, დარტყმა: 7 (5)-11 (8), კუთხური: 0-6, თამაშგარე: 2-6, სეივი: 4-3, ჯარიმა: 14-9.

ლიონი-აპოელი 1:0 (0:0)
ლიონი, “ჟერლანი” 37000
ლიონი (4-2-3-1):
 ლორისი, რევეიერი, კონე, კრისი, სისოკო, გონალონსი, კელსტრომი, ლაკასეტე (ბრიანი 58), ედერსონი (გურკუფი 71), ბასტოსი, ლოპესი.
მწვრთნელი: რემი გარდი.
აპოელი (4-2-3-1): შიოტისი, პურსაიტიდისი, კაკა, პაულუ ჟორჟე, ბოავენტურა, მორაიში, პინტო, ხარალამბიდისი (მანდუკა 81), სოუზა (მარსინიო 72), ტრიკოვსკი, ალმეიდა (სოლარი 67).
მწვრთნელი: ივან იოვანოვიჩი.
გოლი: 1:0 ლაკასეტე (58).
გაფრთხილებები: პინტო 52, მარსინიო 89.
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია).
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 13 (5)-1 (1), კუთხური: 7-4, თამაშგარე: 1-2, სეივი: 1-4, ჯარიმა:  13-13.

No comments:

Post a Comment